2021 წელს საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმის დასრულებას ელოდება. ამჯერად საუბარია ჰააგის სასამართლოში მიმდინარე განხილვაზე. ის ქვეყნებს შორის დავას არ განიხილავს და ადგენს ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მომავალში სტრასბურგში უამრავი განსახილველი საკითხისთვის პრეცედენტული იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ ახლა გამოაცხადა.
მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იყო, რომელიც რუსეთს არაფერში არ დაეხმარება.
"მომავალში სტრასბურგში უამრავი განსახილველი საკითხისთვის პრეცედენტული იქნება ეს გადაწყვეტილება. იგივე ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეზე. სტრასბურგის სასამართლომ ეს მიჯნა სწორედ 12 აგვისტოზე გაავლო და თქვა, რომ რაც იყო 12 აგვისტომდე, ეს იყო ჰუმანიტარული სამართლის საქმე, ანუ ე.წ. ომის სამართლის საქმე. 12 აგვისტოს შემდეგ კი, როდესაც მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, უკვე სხვა კანონები ამოქმედდა და ადამიანის უფლებების სამართალი ჩაირთო. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური იყო ასეთი გადაწყვეტილება, ეს რუსეთს არაფერში არ ეხმარება,"- აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი.