"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება პარლამენტში შესვლის საფუძველი ვერ გახდება.
მისი თქმით, ისინი ძალიან პრინციპულად სვამდნენ პოლიტპატიმრების საკითხს და მომავალი შეხვედრების დროსაც აპირებენ, რომ დასვან.
"დღეს ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს შეხვედრები გაგრძელდება, რადგან რაღაც ნაწილში ჩვენი პოზიციები ემთხვევა, მაგრამ რჩება შეუთანხმებელი ნაწილები. მათ შორის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არის დეტალები, რომელიც ჩვენთვის პრინციპულია და ამაზე შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. ძალიან პრინციპულად ვსვამთ საკითხს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ისინი ამას არ აღიარებენ.
დავაყენებთ შემდეგ შეხვედრაზეც და ეს შეხვედრები გაგრძელდება, დღეს არაფერი გადაწყვეტილა. ეს იქნება ძალიან პრინციპული საკითხი, ამაზე შეგიძლიათ მენდოთ. თუ ჩვენ ხელს არ მოვაწერთ შეთანხმებას, შესვლა გამორიცხულია. მარტო საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში შედგა.