პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ერთად ყველაფერი სცადეს, თუმცა კინკლაობა დასრულებულია. ალეკო ელისაშვილის თქმით, მასაც ზედმეტები მოუვიდა და არავის შეარჩინა სიტყვა.
"რა გვინდოდა და რატომ მივედით დღეს პარლამენტში? ვამბობთ რას - ყველაფერი ვცადეთ ოპოზიციასთან, ბოლოს იქამდე მივიდა, რომ არ დაგელაპარაკებით, ზურგი გვაქციეს, გაიბუტნენ და ა.შ. ყველაფერი ვცადეთ, რომ დაგვერწმუნებინა, აგვეხსნა რისთვისაც ვიბრძოდით 2 თვე, რაც მოვიპოვეთ დავაგვირგვინოთ.
დავამთავრეთ კინკლაობა და ზედმეტებიც მოგვივიდა და ნამდვილად, მე ერთ-ერთი ვარ, ვისაც განსაკუთრებით ზედმეტი მომივიდა, იმ ინციდენტს არ ვგულისხმობ, ზოგადად, ახლა არავის სიტყვა არ შევარჩინე და ის ინციდენტი მე არ დამიწყია, მე მქონდა რეაქცია და პასუხი და არავის მივცემ იმის საშუალებას, რომ მე შეურაცხყოფა მომაყენოს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე მატყუარას დამიძახებს და გავატარებ, მით უფრო, რომ ცამდე მართალი ვარ, ძალიან ზედმეტი წარმოდგენა აქვს ამასთან დაკავშირებით.
თუ სადმე რამე შემეშლება იმის პრობლემაც არ მაქვს, რომ ბოდიში მოვიხადო. უნდათ, რომ ამ ქვეყანაში მართლაც ხალხზე, კრიზისის განმუხტვასა და კორონავირუსზე ვიფიქროთ? ვაქცინაციაზე და უმუშევრად რომ არის მთელი ბიზნესები დარჩენილი და ხალხი ლუკმა პურის გარეშე, უნდათ ამაზე გამოსავალზე ვიფიქროთ? იციან ჩვენი ოფისის მისამართი და მოვიდნენ. ნებისმიერი ინციდენტის მიუხედავადაც დაველაპარაკებით. ჩვენ პოლიტიკაში ვართ, საბავშვო ბაღში კი არ ვართ, კი არ ვიბუტებით და ზურგით კი არ ვდგებით. მოვიდნენ და დაგველაპარაკონ.
მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში 2 კაცზე მეტის საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ იქ ჩვენი ცხოვრების მოწყობაზე კი არ ვიზრუნებთ, ჯიპებს კი არ მოვიმსახურებთ, ნახავს ყველა, როგორც დავდიოდით ფეხით, ეგრე ვივლით მერეც მეც და ლევან იოსელიანიც," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.