17 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
რატომ არის ყველაზე მეტად ინფიცირების გავრცელების წყარო სარესტორნე ბიზნესი - მაია ცქიტიშვილი ბიზნესის წარმომადგენლების პროტესტს პასუხობს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში იმ ბიზნესის წარმომადგენლებს უპასუხა, ვინც დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეზღუდვებთან დაკავშირებით არ ეთანხმება.

მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საბჭომ მიიღო მძიმე მისაღები იყო და ისიც აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგად ესმის თუ რა გამოწვევებისა და კრიზისის წინაშე დგას ესა თუ ის ბიზნესი.

თუმცა, ვიცე-პრემიერი ყველაფერს იმით ხსნის, რომ მაგალითად, სარესტორნე ბიზნესი არის დარგი, რომელიც შესაძლოა, ყველაზე მეტად გახდეს ინფიცირების გავრცელების წყარო, ვინაიდან რესტორნებში ადამიანებს პირბადეები ფიზიკურად ვერ ეკეთებათ. 

"ძალინ კარგად გვესმის ის პრობლემები, რომელის წინაშეც იმყოფებიან, მაგალითად, სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები და ზოგადად ბიზნესები. მინდა მათი წუხილი გავიზიარო, დავარწმუნო და ვუთხრა, რომ ჩვენთვის არ არის უცხო მათი ემოციები. ჩვენ ვინც ახლა საჯარო სამსახურში ვმუშაობთ, აქამდე გვქონდა გამოცდილება ბიზნესში და ვიცით, რა პრობლემაც არის დღეს იქ. ბიზნესზე დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და წარმატება. ეს მინდა მათ იცოდნენ ჩვენგან და ასევე, მინდა მათ იცოდნენ, რომ თითოეული გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმეა. ამასთან, რაც შეეხება კომუნიკაციას, მათთან იყო შეხვედრები საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებთან, ასევე, როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ბიზნესომბუდსმენის აპარატში, ჯანდაცვის სამინისტროში და ა.შ მათთან კომუნიკაცია ნამდვილად არის. შესაძლოა, ეს კომუნიკაცია გასაუმჯობესებელი იყო და ამ თემაზე უნდა ვიფიქროთ. 

რაც შეეხება სარესტორნო ბიზნესს, ბევრი ადამიანი, იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნები დღეს არ მუშაობს, როდესაც რესტორნებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფიცირების ძირითადი გადაცემის წყარო არის არა ოფიციანტისგან, არამედ საქმე ისაა, რომ რესტორანში სტუმრები პირბადის გარეშე იმყოფებიან. ეს ხანგრძლივი კომუნიკაცია კი, პირბადების გარეშე, განაპირობებს იმას, რომ წესების დაცვა ვერ მოხერხდება. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, პანდემიის გამო, რესტორნები არ მუშაობს და მეტიც, ალკოჰოლის გაყიდვაც კი აკრძალულია,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

დღის ამბები