თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე გუშინ, სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "ღამის კურიერის" ეთერში აფასებს და აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხია, რაც სამართლებრივად თქვა სტრასბურგის სასამართლომ. ის ამბობს, რომ სასამართლომ სამართლებრივად თქვა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ეფექტურ კონტროლს ახდენენ.
"სტრასბურგის სასამართლომ სამართლებრივად თქვა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს 12 აგვისტოდან მოყოლებული მუდმივად, სანამ ისინი იქ დგანან. გუშინ რომ დააპატიმრეს ჩვენი მოქალაქეები, იმათაც სტრასბურგში თუ წაიღეს საქმე, ამ დებულების გამო სწორედ რუსეთის წინააღმდეგ იქნება ეს საქმე და ისინი მოიგებენ ამ სასამართლოს, თუ დაადასტურებენ, რომ მათი უფლებები იყო შეზღუდული და უგულებელყოფილი.
ყველაზე მთავარი, ჰააგასთან მიმართებაში რადგან ვსაუბრობთ, სწორედ ეს დებულებაა. მე შემიძლია გითხრათ მთავარი არგუმენტები, რომელიც რუსეთს აქვს ჰააგის სასამართლოში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ გამოძიებას, ძალიან კარგად ვიცნობ ამ საქმეს. პირველი დღიდან მოყოლებული ჩართული ვიყავი ჯერ როგორც მკვლევარი და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი და შემდეგ უკვე, თავდაცვის მინისტრობის დროსაც მოგვიწია გარკვეულ ეპიზოდზე მუშაობა. რუსეთის მთავარი არგუმენტი გადის შემდეგ ხაზზე, ისინი ამბობენ, რომ კი ბატონო, შესაძლებელია, ეს ყველაფერი რაზეც ქართული მხარე ლაპარაკობს, იყოს სიმართლე, არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? ეს იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი. ისინი ხელს მუდმივად იშვერდნენ ან ოსური შეიარაღებული ფორმირებების, ან ოსური მილიციის, ბანდფორმირებების და სხვა არასახელმწიფო აქტორების მიმართ, რომლებიც ასევე, საერთაშორისო სამართლებრივად წარმოადგენენ მხარეს, კონფლიქტების დროს და სრულიად შესაძლებელია, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაწერა ყველაფერი იმისთვის, რომ უკვე ჰააგის სასამართლოში, ეთნიკურ წმენდის საკითხი ერთმნიშვნელოვნად მარტივად გადაწყდეს.
"პირდაპირ ეერთმნიშვნელოვნად სტრასბურგის სასამართლო ეთნიკური წმენდის კვალიფიკაციას ვერ გააკეთებდა, მაგრამ გადაწყვეტილებაში ყველაფერი დაწერა იმისთვის, რომ უკვე ჰააგის სასამართლოში, სადაც ჩვენ ძირითადად ეთნიკურ წმენდაზე ვდაობთ, ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად მარტივად გადაწყდეს,“ - განაცხადა თინა ხიდაშელი.