"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სადეპუტატო მანდატის უფლებამოსილება შეუჩერდებათ, მისი პარტია დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს.
"ჯერ ჩვენ შევაფასებთ ამას როგორც პარლამენტის გაუქმებას, ოღონდ "ქართული ოცნების" ბრალით. მერე ჩვენ გავივლით ჩვენი სიტყვების შესაბამისად იგივე პროცედურას, რომ საერთოდ დაიხუროს ნებისმიერი კავშირი. ანუ დღეს მე პარლამენტის წევრად ვითვლები ფორმალურად და თავსაც ასე ვგრძნობ. მერე უბრალოდ თავს ვიგრძნობ, მაგრამ ფორმალურად აღარ დავრჩები პარლამენტის წევრი. საბოლოო ჯამში ვიქნებით სრულიად განსხვავებულ, ახალ რეალობაში. ეს იქნება ახალი ეტაპი, როდესაც "გირჩი" სრულიად დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს," - განაცხადა "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ქართული ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა, 51 დეპუტატი, ისევე როგორც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, - "ტორტზე ორი ალუბალივით ედებათ ფრიდონ ინჯია და ელისაშვილი," - განაცხადა გიგი უგულავამ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განმარტებით კი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პირველივე სხდომაზე განიხილავენ.
როგორც მდინარაძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმება არა ულტიმატუმი, არამედ პარლამენტის ვალდებულებაა.
"ჩვენი ოპონენტები ისე ნუ მიიღებენ, რომ ეს გარკვეული ულტიმატუმია. მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ეს არ არის უმრავლესობის გადასაწყვეტი პროცედურული საკითხი, რადგან საქართველოს რეგლამენტში წერია, დათქმული ვადის შემდეგ, როგორც კი, პირველივე სხდომა იქნება, სხვა საკითხებთან მიმართებით უფრო ადრე, პირველ რიგში, პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პარლამენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, თუ ასეთი შესაბამისი საფუძველი არსებობს. ამ შემთხვევაში, ეს საფუძველი მათივე განცხადებებია, აქედან გამომდინარე, პარლამენტი არა უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია განიხილოს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
მათი მიზანი, განსაკუთრებით საუბარი მაქვს რადიკალურ ოპოზიციაზე, არც არასდროს შეთანხმების მიღწევა. არც არასდროს ყოფილა კონსტრუქციულობა. სხვა პარტიებს მოვუწოდებ მკაცრად, ზუსტად, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გასცენ პასუხი, მიყვებიან თუ არა რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს რევოლუციურ სცენარში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანდატების გაუქმების საკითხის გააქტიურებას ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა, "ლელოს" ლიდერმა დღეს "ცხელი გაზაფხულიც" დააანონსა, რაც ხელისუფლებაში მუქარად შეფასდა. მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძეს ურჩევს, ქვეყანაში ვითარების "გაცხელებაზე" მუქარას ნაცვლად, ცივი გონებით იმოქმედოს.