"ლელო" ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას შეუერთდება. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული "ლელო" გამოსავალს მხოლოდ ერთიან პროტესტში ხედავს.
"ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა გაღრმავდა მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" კიდევ გაახანგრძლივა მოქალაქეებზე და ბიზნესზე დაწესებული დრაკონული შეზღუდვები.
მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ საზოგადოებაზე გადაიტანა და ამ პირობებშიც ხელს უშლის მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლაში. იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება არ რეაგირებს მოსახლეობისა და ბიზნესის მოთხოვნებზე და უარს აცხადებს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, ლელო გამოსავალს მხოლოდ ერთიან პროტესტში ხედავს.
ზუსტად ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევუერთდეთ ხვალ 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას. გარდა ამისა, ლელო გააგრძელებს მუშაობას საპროტესტო ინიციატივების კონსოლიდაციაზე, იქამდე სანამ "ქართული ოცნება" თვალს არ გაუსწორებს მისი დაუდევრობით და გულგრილობით შექმნილ კრიზისს და არ შეამსუბუქებს არაკონსტიტუციურად დაწესებულ შეზღუდვებს," - ნათქვამია განცხადებაში.
დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით ხვალ 24 იანვარს, 14:00 საათზე მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.