მამუკა ხაზარაძის "ცხელი გაზაფხულის შემდეგ", ამჯერად პოლიტიკური პროცესების გამწვავებაზე "გირჩი მეტი თავისუფლება" საუბრობს.
ზურა ჯაფარიძე მშვიდობიან რევოლუცას აანონსებს. მისი თქმით, ხელისუფლებას, რომელიც დათმობაზე არ მოდის, მწვავე ქუჩის პროტესტით აიძულებენ, ოპოზიციის მოთხოვნები შეასრულონ.
"როდესაც ხელისუფლება არ თმობს ძალაუფლებას არჩევნების გზით, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიულობაზე, ასეთ შემთხვევაში კი, რჩება გზა რევოლუცია, თუმცა რევოლუციაში არ იგულისხმება ერთმანეთის ხოცვა. რევოლუციები არსებობს მშვიდობიანი. მე ვუჭერ მხარს ყველანაირ მშვიდობიან პროტესტს და წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი პატარა ძალადობისაც კი. როდესაც რევოლუციაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ, რომ მშვიდობიან პროტესტით ხელისუფლება შეიცვალოს," - აცხადებს პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.
კონსტიტუციურ ფარგლებში პროტესტს აანონსებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".
"ერთადერთი ადეკვატური პასუხი საზოგადოებისგან და ხალხისგან იქნება მობილიზაცია და ძალიან სამართლიანი და ხმამაღალი პროტესტის გამოხატვა, ამიტომ კონსტიტუციური ბრძოლის გზა ჩემი აზრით უნდა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული სისტემა და დემოკრატიული პროცესი,"- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.
"ყველა მეთოდი, რომელიც არის მშვიდობიანი არის მისაღები და ჩვენ ვაპირებთ მის გამოყენებას, რათა დავარწმუნოთ და ვაიძულოთ მთავრობა, რომ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები. რაც შეეხება "ცხელ გაზაფხულს", ჩვენ ვართ ცხელ რეჟიმში თითქმის 2 წელია გავრილოვის ღამის შემდეგ. ფაქტობრივად გვაქვს 8 წლიანი კრიზისი, რომელიც შემოიტანა "ქართულმა ოცნებამ", შესაბამისად, ახალი 2021 წლის გაზაფხულში ახალი ნამდვილად არაფერი იქნება,"-აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.
დღეს ჯაფარიძე-ხაზარაძის განცხადებას მათივე კოლეგების ნაწილი გაემიჯნა.
"ადამიანებს ყოველთვის აქვთ რევოლუციის უფლება. უბრალოდ მშვიდობიანი რევოლუცია, აქსიმორანია. ნებისმიერი რევოლუცია, ის რომ იყოს წარმატებული, შეიძლება დასრულდეს წარმატებულად, მაგრამ რევოლუციონერი უნდა იყოს მზად რომ "მოლოტოვის კოკტეილს" ისვრის. მე არ მჯერა მშვიდობიანი რევოლუციის იდეის. ეს არის გამართლება თავისი გეგმების, ან დამალვა იმისი, რომ სერიოზული აქიეციებისთვის მზადება არ მოხდება,"- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.