17 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ვიტოვებ გარკვეულ ოპტიმიზმს, რომ პარლამენტარების ნაწილმა შეიძლება შეიცვალონ თავისი გადაწყვეტილებები - ირაკლი ქადაგიშვილი 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის  ირაკლი ქადაგიშვილის თქმით,  უმრავლესობამ ოპონენტებს დაუტოვა კიდევ უფრო მეტი დრო  იმისთვის, რომ პარლამენტარებს, რომელთაც განცხადება აქვთ გაკეთებული უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კიდევ დამატებით საშუალება ჰქონოდათ, მეტად დაფიქრებულიყვნენ და საბოლოო ჯამში, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

"ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კანონთან შესაბამისობაში და ამავდროულად, მივიღეთ იმიტომ, რომ დაგვეტოვებინა კიდევ უფრო მეტი დრო და კიდევ უფრო მეტი მინდორი სწორედ იმისთვის, რომ ამ პარლამენტარებს, რომელთაც ეს განცხადება აქვთ გაკეთებული უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კიდევ დამატებით საშუალება ჰქონოდათ რომ გააანალიზონ და გადაწყვეტილება მიიღონ საბოლოო ჯამში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დამოკიდებულება იგრძნობა აგრეთვე, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებისგანაც და რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელიც ამას ღიად მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს და აგრეთვე, ამ განწყობაზე ნათლად მეტყველებს თვითონ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ პარლამენტარების ნაწილმა თავისი გადაწყვეტილებები შეცვალონ.

"მე მაინც ვიტოვებ გარკვეულ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტარების ნაწილმა შეიძლება შეიცვალონ თავისი გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ამის დაშვების გარკვეული საფუძვლები არსებობს,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ რიგგარეშე ან რაიმე ახალი არჩევნების ჩატარება არანაირ კონსტიტუციურ, რეალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. მოსახლეობის ანალოგიური განწყობა NDI-ის კვლევამაც დაადასტურა. 

"ვიმეორებ, რომ შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნები ელოდება ქვეყანას, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია. 

ამ პანდემიის პირობებში, რაიმე რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის სრული უპასუხისმგებლობა, ამიტომ, გამომდინარე აქედან, ეს არის არა მარტო ჩვენი პოზიცია, ეს არის არა მარტო ჩვენი მეგობარი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, ეს NDI-ის კვლევამაც დაგვანახა, რომ იმდენად თვალში საცემია ამ პოზიციის მიუღებლობა მოსახლეობაში, რომ NDI-ის კვლევებში აისახა მოსახლეობის ეს დამოკიდებულება,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დღის ამბები