პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე განცხადებაზე საუბრობს, რომელიც ათმა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა, თუმცა ოპოზიციური ერთობის განცხადებაში არ არის "გირჩის" იმ ნაწილის ხელმოწერა, რომელსაც იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი წარმოადგენენ. ასევე, დოკუმენტს არ აქვს "მოქალაქეების" ხელმოწერა.
ფიქრია ჩიხრაძე სწორედ ამ საკითხზე საუბრობს, რატომ არ იყო წერილზე ამ ორი პარტიის ხელმოწერა.
"ვითარება არის ასეთი, რომ პარლამენტში აღმოჩნდა გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა. ამ პოლიტიკური ძალების უდიდესმა ნაწილმა დაწერა განცხადებები პარლამენტის დატოვების თაობაზე და შესაბამისად, ჩაიხსნა სიები, რადგანაც არ წასულიყო პროცესი ადგილმონაცვლეობის მიერ ადგილების დაკავებისა პარლამენტში არჩეული წევრების სანაცვლოდ.
ეს გააკეთა რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ და ამ იდეას, ამ აქტს, მხარს უჭერს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტში არ ფლობენ მანდატებს, მაგრამ ამბობენ, რომ რომ არ ყოფილიყო გაყალბება, მათი წარმომადგენლობა პარლამენტში იქნებოდა, ან შეიძლება არ ჰქონდეთ წარმომადგენლობა პარლამენტში, მაგრამ ამ საპროტესტო აქტს, გაყალბების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს, მხარს უჭერენ.
ამ შემთხვევაში, აქ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ არიან გირჩი და მოქალაქეები, რომ მათ არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე. ანუ, აქ ის კი არ არის, ვინ შედის პარლამენტში, აქ არის პირიქით, უკუღმა, ვინ ტოვებს პარლამენტის მანდატს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ეთერში, იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გუშინ, "დღის კურიერის" ეთერში თქვა, რომ შეხვედრის თაობაზე, რომელიც "ლელოს" ოფისში გაიმართა, მას არ აცნობეს.
ფიქრია ჩიხრაძე მიზეზებს განმარტავს, რატომ არ იყო შეხვედრაზე იაგო ხვიჩა და ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.
"თქვენ იცით, რომ ვადა იწურება პროცედურულად. ანუ, მანდატების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე პარლამენტმა, ამას ითხოვს პარლამენტის რეგლამენტი. შესაბამისად, ამის თაობაზე ვიმსჯელეთ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც ეს განაცხადი პარლამენტის დატოვების თაობაზე დაწერილ გვაქვს. არაფერი უცნაური და გაურკვეველი ამაში არ არის,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძე.