ოპოზიციის განცხადებას, სადაც 10 ოპოზიციური პარტია ხელისუფლებისგან დიალოგის პროცესის გაგრძელებას მოითხოვს, რომლის მთავარი თემაც ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს, მმართველ პარტიაში ეხმაურებიან.
"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელია არსებობდეს 3 კრიტერიუმიდან მინიმუმ ერთი მაინც, ესენია მოქალაქეების განწყობა, სამართლებრივი საფუძველი და საერთაშორისო შეფასება. ბექა დავითულიანის თქმით, ამ სამი კრიტერიუმიდან ოპოზიციის სასარგებლოდ არც ერთი არაა, მხოლოდ ოპოზიციის სურვილის გამო კი ხალხის არჩევანის რევიზია არ მოხდება:
"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და უკვე დიდი ხანია ვამბობთ მკაფიოდ - ჩვენ მუდმივად მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ ეს დიალოგი ვერ შედგება ხალხის ნების რევიზიის მიმართულებით. დიალოგი შეიძლება შედგეს არჩევნებზე, სისტემის დახვეწაზე, მაგრამ ხალხის ნების გადახედვა, რომ მოდი ახლა ჩვენ არ მოგვწონს ეს არჩევნები და ახლიდან ჩავატაროთ, ამ წრეზე ჩვენ ვერ ვივლით და ვერ ვიქცევით ბანანის რესპუბლიკად,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა "დღის კურიერში".