ერთობლივი განცხადებების მიღმა ვითარება დაძაბული რჩება ოპოზიციის ერთ ნაწილში. ალეკო ელისაშვილის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ყველაზე მეტად მიუღებელი პოზიცია აქვს "გირჩს", უფრო სწორად, მის ერთ ფრთას, რომელსაც დღევანდელ ერთობლივ განცხადებაზე ხელი არ მოაწერინეს.
ყველას აინტერესებს ნიკა მელიას და იაგო ხვიჩიას სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომლის შემდეგაც ხვიჩიამ იარაღის ტარების უფლება მოითხოვა.
განმარტებებს დღეს არც ერთი მათგანი აღარ აკეთებს, თუმცა შინაარსზე "გირჩის" წევრმა ვახტან მეგრელიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ნიკა მელია "გირჩის" წევრებს "ევროპული საქართველოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" მიმართ კრიტიკული განცხადებების შეწყვეტას სთხოვდა, სანაცვლოდ კი მათი იდეების ოპოზიციურ სპექტრში მხარდაჭერას ჰპირდებოდა, რაც არ შეასრულა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იაგო ხვიჩიას მიმართ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამენ. "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით კი, განსხვავებული მოსაზრებების გამო კოლეგების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მხრიდან იაგო ხვიჩიას მისამართით სავარაუდო მუქარას არ გამორიცხავენ პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
"ქართულ ოცნებაში" კი ნიკა მელიას მხრიდან შესაძლო მუქარით საქმის გადაწყვეტის ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" სტილს უწოდებენ.
51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კენჭისყრამდე ერთი კვირა რჩება. რა ფორმატით გაგრძელდება "გირჩისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა საერთო ოპოზიციურ ფორმატში, ჯერჯერობით, უცნობია.