"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, თუ რატომ არის 2 თებერვალი ის ბოლო ვადა, როდესაც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაუუქმებს თუ არა მანდატებს იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ამის შესახებ პარლამენტს განცხადებით მიმართეს.
მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცედურა და ვადები პარლამენტის რეგლამენტითაა განსაზღვრული.
"2 თებერვალი, რეგლამენტის თანახმად, არის ბოლო ვადა, როდესაც უნდა განვიხილოთ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის საკითხი. 15 სამუშაო დღეა, როდესაც კომიტეტს აქვს განცხადების განხილვის ვალდებულება, ხვალ არის მეთხუთმეტე, ოფიციალურად სამუშაო დღე, როდესაც ვადა იწურება ორი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებების განხილვის. ზეგ არის დანარჩენების და რამდენიმე დეპუტატის კიდევ უფრო გვიანაა, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ ბოლომდე მიგვეყვანა.
ორი განიხილება ხვალ, დანარჩენების ზეგ და ამის შემდეგ, ვალდებულება არსებობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის, რომ მათ წარადგინონ ბიუროს წინაშე, ბიურო გადასცემს პარლამენტს განსახილველად და პირველივე საკითხი, ესეც რეგლამენტში წერია, სხვა საკითხების განხილვამდე, ეს საკითხი განიხილოს. ამიტომ, ჩვენ ბოლო წუთამდე მივიყვანეთ, რომ ეს კითხვა არ დასმულიყო, რომ მტყუანები ვყოფილიყავით. ახლა ვართ მართლები კანონთანაც და პოლიტიკურადაც, რადგან მათ მივეცით ბოლომდე საშუალება, რომ მოეფიქრებინათ მათი გადაწყვეტილება,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.