81 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. დეპუტატები ცვლილებებს უკვე ხვალ, მესამე მოსმენით დაუჭერენ მხარს.
იმისთვის, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოვიდეს, ჯანმო საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, საკითხი კანონში უნდა გაიწეროს.
სესიის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რატომ გახდა კანონში ცვლილებების შეტანა და რას ემსახურება მისი დაჩქარებული წესით განხილვა.
"ვაქცინის და ვაქცინასთან დაკავშირებული რეგულაციები, კოვიდ 19-ის ვაქცინის დროული უზრუნველყოფისთვის, იმისთვის რათა საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირის და კოვაქს პლატფორმით დადგენილი კალენდრით დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, ჩვენ სრულ საკანონმდელო მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ ამისათვის. თვის ბოლოს უკვე სწორედ ეს სტრუქტურები განიხილავენ საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდების საკითხს და ამისთვის მნიშვნელოვანია როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული პირობები, ყველა ის პირობა, რაც მოთხოვნილი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იყოს დაკმაყოფილებული და უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.
სახელმწიფო იმ შემთხვევაში არ აიღებს პასუხისმგებლობას, თუ შესაძლო ხარვეზი მწარმოებლის, მედპერსონალის ან კლინიკის შეცდომით იქნება გამოწვეული.