ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საპროცედურო კომიტეტმა დღეს განიხილა. კანონმდებლები ხვალ კიდევ 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების საქმეზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილების მისაღებად სესიას გადაუგზავნიან. უმრავლესობის წევრების განმარტებით, პარლამენტი ამ ფორმით, რეგლამენტით გათვალისწინებულ წესებს მიჰყვება.
მანდატების ანულირების საკითხს დღეს, თავად შალვა ნათელაშვილი და ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურნენ. ოპოზიციონერების აზრით, პარლამენტში მიმდინარე პროცესები ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან მათ დეპუტატობაზე უარი, უკვე დიდი ხანია განაცხადეს.
საპარლამენტო მანდატების გაუქმება პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს და მოლაპარაკების შანსებს შეამცირებს - ასეთია ბარიერგადალახული პარტიების პოზიცია.
კოლეგა ოპოზიციონერებისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს "გირჩს." პარტიის ლიდერის განცხადებით, ოპოზიციას ქუჩაში დარჩენისთვის სააკაშვილი წირავს და ამიტომ ის მზად არის უცხოეთში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს შეხვდეს და ბოიკოტირების არგუმენტები მისგან მოისმინოს.
51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ "ქართული ოცნების" წევრებს. პარლამენტის სპიკერის თქმით, საკითხის კენჭისყრაზე გატანამდე მმართველი ძალა ოპოზიციის გადარწმუნებას კიდევ შეეცდება, თუმცა იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
51 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს პარლამენტი კენჭს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, 2 თებერვალს უყრის.