ერთ საათში პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი 49 ოპოზიციონერი დეპუტატისათვის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს. მანდატის გაუქმებას 51 დეპუტატი ითხოვს, ერთადერთი ვინც ოოპოზიციის კვოტით ამ დრომდე პარლამენტში შევიდა "ევროპელ-სოციალისტები" არიან.
საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ისინი 2 თებერვალს ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერენ და გარდა ამისა ამბობენ, რომ აქვთ გარკვეული სახის საუბრები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, რომ რაიმე ფორმით მათ 2 თებერვალს აღნიშნული საკითხი სესიაზე ჩააგდონ.
კონკრეტულად ვის ესაუბრებიან "ევროპელი სოციალისტები" უცნობია, რადგანაც ისინი საკითხთან დაკავშირებით დეტალურად არ საუბრობენ.
"მე ძალიან ინტენსიური მუშაობა მაქვს დაწყებული როგორც გითხარით, იგივე "ოცნების" დეპუტატებთან იმიტომ, რომ აქ არ იქნება ასეთი ერთსულოვნება და მინდა, რომ მივაღწიოთ იმას და დავარწმუნო ისინი, რომ ჩავაგდოთ ეს საქმე. ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის ძალიან ცუდი იქნება იმიტომ, რომ შეიძლება აზრი შეიცვალონ ამ საბოტაჟთან დაკავშირებით და მათ ადგილები უნდა ჰქონდეთ, რომ დაბრუნდნენ პარლამენტში," - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ზილფიმიანი.
შეგახსენებთ საპროცედურო კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისათვის დეპუტატობის უფლებამოსილების შეჩერებას, დღეს კი იგივე გადაწყვეტილებას კანონმდებლები დანარჩენი დეპუტატების შესახებაც მიიღებენ.