რას შეცვლის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, სავარაუდოდ, ეს პროცესი დიალოგის პროცესში შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან გია ვოლსკის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს.
"ის ფორმულა შემოთავაზებული, რომ ამათი გათავისუფლება ხელს შეუწყობს, თუ არა მოლაპარაკებებს - რაში უნდა შეუწყოს ხელი, რა მოლაპარაკებებზეა ლაპარაკი, ადამიანი, სააკაშვილი, ბარამიძე, გუბაზ სანიკიძე და კიდე რამდენიმე ამბობს, რომ არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამბობს, რომ ან არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო საჩივარი დაწერილი, სპეციალურად, რომ რაოდენობა შექმნილიყო მეტი, ან მოიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომლის საფუძველზე უნდა გახსნილიყო უბანი.
ვთქვათ, მე გია ვოლსკი ვუჭერ მხარს, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, რის საფუძველზე უნდა ჩატარდეს? იმის საფუძველზე, რასაც გუბაზ სანიკიძე ამბობს ან შალვა ნათელაშვილი, მიშა სააკაშვილი?
შევქნათ კომისია, გამოვიძიოთ, თუ არის აუცილებელი ჩატარდეს, მაშინ ჩატარდეს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე - დაუჭერს, თუ არა მხარს გია ვოლსკი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს მხარს, გია ვოლსკი არ აკონკრეტებს, რადგან მისი თქმით, საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ეს სახელმწიფო ინტერესებს წაადგება.
"იქ ცალკეულ პირებზეა საუბარი. ზოგი შეიძლება იყოს მონაცემი ისეთი, რომელი ისედაც არ შეესაბამება, ამას ვნახავთ. მაგრამ, პირდაპირი პასუხი არ მინდა, განა იმიტომ რომ მაყურებელს რამეს ვუმალავ. მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ხათუნა გოგორიშვილს უნდა, თუ ისე როგორც სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება. კარგი ვითარება რომ არ არის გასაგებია, ეს არ არის კარგი სურათი, მაგრამ უარეს სურათს ხომ არ მივიღებთ იმითი, რომ პარლამენტს არ ვაძლევთ საშუალებას, სანამ მთელი ამერიკა და ევროკავშირი და მთელი სტრუქტურები გვეუბნებიან, რომ განაგრძეთ მოლაპარაკებაო და მერე ესენი იტყვიან, ჩვენ გვინდოდა მოლაპარაკებები, მაგრამ შეგვიჩერეს მანდატებიო," - განაცხადა გია ვოლსკიმ "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას.