17 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
"პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ფასი" - ელისაშვილი-თალაკვაძის შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი აკრიტიკებს

ალეკო ელისაშვილსა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას კრიტიკა მოყვა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან.

ელისაშვილის კოლეგები ამბობენ, რომ ეს შეხვედრები ფასადურია და სინამდვილეში მოქალაქეები პარლამენტში შესვლისთვის ემზადებიან.

პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში პრობლემას ვერ ხედავს.

"მე პრობლემას ვერ ვხედავ, რომ პარტიები ვიღაცეებს შეხვდნენ და მათ შორის "ქართულ ოცნებას" ელაპარაკონ. ლაპარაკი, ზოგადად, პრობლემა არ არის, რაზე საუბრობენ არ ვიცი, სავარაუდოდ, განხილვის თემაა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი,"-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ სივრცეში მოლაპარაკებები და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები ბუნებრივია.

"პოლიტიკურ სივრცეში ხშირია სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. ეს არის ბუნებრივი პროცესი და აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ერთი მინდა დავამატო, რომ ელისაშვილის შეხვედრა თალაკვაძესთან პარლამენტში შეხვედრის გარდა, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს,"-აღნიშნა რაქვიაშვილმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი თავისი არჩევნის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

"თავისი არჩევანია, თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ამის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ალეკო ელისაშვილი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ცალკეული მოლაპარაკების გამართვას ქართული ოპოზიციის ლიდერებთან და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, იმიტომ, რომ არსებობს ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი და ველოდებით ამ პროცესს. თუ "ქართულ ოცნებას" აქვს მზაობა ოპოზიციასთან საუბრის და კონკრეტულ კომპრომისებზე წამოსვლის, ჩვენ მზად ვართ,"-აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშილი კი,  აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი არის "ქართული ოცნების" წევრი. 

დღის ამბები