დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ისინი სასულიერო პირებს შეხვდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის ნოდარ ხორბალაძის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელებულიყო იანვარში, თუმცა ეს პანდემიის გამო ვერ მოხერხდა და როდის შედგება შეხვედრა, უცნობია.
ის ასევე გამოეხმაურა იბერი მელაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე საზღვარი შეუთანხმებელია.
"ეს არის დანაშაულებრივი განცხადება. არ არის ბატონი ივერი მართალი და ვინც ამ პოზიციას იცავს, ისინი არ არიან მართლები. ისეთ პოზიციას იცავენ, რომელსაც თვითონ აზერბაიჯანი არ ამბობს. ჩვენ ძალიან ბევრი დოკუმენტი გაგვაჩნია ჩვენი ქართული მხარის სიმართლის და ის, რომ კომისია არასწორად აკეთებდა, ამის დამადასტურებელი ბევრი დოკუმენტი მაქვს. არაერთხელ მაქვს დასაბუთებული, რომელზეც ბატონი ივერი ერთი და იმავე პასუხს მცემდა, რომ მე ვარ დილეტანტი და არ მესმის... გამიზნული იყო, ვინმემ დაავალა არ ვიცი. ფაქტია, რომ თვითონ კარტოგრაფიაში არის აბსოლუტური ნული. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებს არ მოსწონთ 38 წლის მდგომარეობა და 2000-იანი მასშტაბის რუკა, მაგრამ ის, რომ ეს რუკა არ არის ლეგიტიმური, დამახინჯებულია, ასეთ სისულელეს ისინი არ ამბობენ," - განაცხადა ნოდარ ხორბალაძემ.