პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მიერ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათი გადაწყევტილების შესახებ აქამდეც იცოდა.
"ალეკოს და ლევანის გაცხადებული პოზიციები ჩემთვის აქამდეც იყო ცნობილი, აქედან გამომდინარე, მე ვიცოდი და ველოდი, რომ ისინი პოლიტპატიმრების გამოშვების შემდეგ შევიდნენ პარლამენტში და იმ ცვლილებების განხორციელების და პირობის მიღების შემდეგ, რაზეც ალეკო საუბრობდა, მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ 5%-იანი ბარიერი, რომელიც არსებობს 2024 წლისთვის მიუახლოვდეს ბუნებრივ ბარიერს.
"ჩვენ ახლა გაგვიჩნდა შანსი და ეს არის ერთადერთი შანსი, მგონი, ჩვენ ამის შემდეგ შანსი არ გვექნება, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შევთანხმდეთ იმაზე, რომ 5%-იანი ბარიერი, რომელიც არსებობს 2024 წლისთვის საარჩევნო, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვწიოთ და მივუახლოვოთ ბუნებრივ ბარიერს. ჩვენ თუ ახლა ამას არ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ქვეყანას ვტოვებთ ორპარტიულ მმართველობის ქვეშ, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის". სწორედ ეს მიჩენს მე მთავარ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა" ის ძალები, რომლებსაც არ უნდათ შეთანხმება და რომელთაც უნდათ შეინარჩუნონ ის ბარიერი მუდმივად, რომელიც მხოლოდ ორ ძალას ამყოფებს ამ ქვეყნის პარლამენტში. ამიტომ, ჩვენ ამ შანსს ვხედავთ, რომ ის ახლა გვერგო და თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს დავალაპარაკოთ, ახლა შეიძლება მივიღოთ ისეთი პირობა, რომ ამ ქვეყანაში მმართველობითი სისტემა ერთხელ და სამუდამოდ გაიმართოს და ჩვენ არ გვეშინოდეს არასოდეს იმის, რომ ვინმე, ერთპიროვნულ ძალაუფლებას ვინმე ჩაიგდებს ხელში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.