პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ ოპოზიციის რიგებში კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც პარლამენტში შესვლა სურთ. მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" სიიდანაც.
"დანამდვილებით გეტყვით, გვარით და სახელებით ვიცი ადამიანები, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" სიაში. რამდენიმე პარტიაა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ისე სხვა პარტიების წევრებიც, რომლებიც ამ სიაში არიან, რომლებსაც ძალიან სერიოზულად უნდათ შემოსვლა, რომლებმაც იციან, რომ ეს არის სწორი საქციელი და ამ მხრივ, ძალიან სერიოზული განხეთქილება აქვთ შიგნით. ეს არ არის მოლაპარაკებებიდან მიღებული ინფორმაცია, ეს არის ინფორმაცია იქიდან, რომ საქართველოში თითოეულმა ადამიანმა ვიცით, მეორე ადამიანი რითი სუნთქვას, ყველა ვიღაცის მეგობარია და ა.შ. გვარი სახელებით ვიცი და ისიც ვიცი, რა ლაპარაკები აქვთ ხოლმე შიგნით, თუმცა ამას ვერ ვიტყვი. საბოლოოდ, ეს ადამიანები შეძლებენ გაიტანონ თავისი აზრი თუ ვერ შეძლებენ, ამაზე ნამდვილად ვერაფერს ვერ მოგახსენებთ" - ამბობს სოზარ სუბარი.
გარდა ამისა, სოზარ სიბარი საქართველოს პარლამენტში პარტია "მოქალაქეების" წევრების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის შესვლას დადებითად აფასებს.
როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, რაც უფრო მეტი პოლიტიკოსი გაიაზრებს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნის, ხალხის და ამომრჩევლის წინაშე, მით უკეთესია.
"კარგია, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და კარგია, რომ არ უღალატეს თავის ამომრჩევლის ხმებს. პარტია რომელიც ხმებს იღებს და შემდეგ ამბობს რომ არ შევა პარლამენტში, იმიტომ რომ მას მოგება უნდოდა, არ მესმის ასეთი პარტიების და ეს არის საკუთარი ამომრჩევლის ღალატი. რაც უფრო მეტი პოლიტიკოსი გაიაზრებს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნის, ხალხის, ამომრჩევლის წინაშე მით უკეთესი," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
აქვე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს ჰგონიათ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებული, სთავაზობს ჩავიდნენ დავით გარეჯში და სცადონ გადასვლა იმ მონასტრებში, რომლებშიც ოდესღაც, ალბათ, ნამყოფი იქნებოდნენ და მიხვდებიან, რას ნიშნავს ღალატის ანატომია, რას ნიშნავს სამშობლოს გაყიდვა და მერე ილაპარაკონ, ვინ არის პოლიტპატიმარი და ვის აქვს პოლიტიკური ნიშნით ბრალი წარდგენილი.