ISFED-ის დღევანდელ განცხადებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში უპასუხეს.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, ორგანიზაციის დღევანდელი განცხადებით დადასტურდა, რომ ე.წ. 8 პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს, რაც უკვე მეორე არასწორად გავრცელებული ინფორმაციაა.
"დღეს უკვე 8%-იან დისბალანსზე საუბრისას "სამართლიანი არჩევნები" აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია. ამასთან დაკავშირებით, ცესკომ, საჯარო განცხადების გარდა, 22 იანვარს მიმართა ორგანიზაციას ოფიციალური წერილით და მოითხოვა კიდეც დამატებითი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ე.წ. 8-პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს, ანუ მათ არ ჰქონდათ შესწორების ოქმები გათვალისწინებული ამ მონაცემების დამუშავებისას.
დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში," - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
"სამართლიან არჩევნებში" საკადრო ცვლილებების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას პარალელური დათვლის მასალები შეისწავლეს. საუბარია 850 უბნის მონაცემებზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შემაჯამებელი ოქმების 8 პროცენტში მეტობა დაფიქსირდა.
"სამართლიანი არჩევნების" დასკვნით, საოლქო კომისიებში შესწორებული ოქმები გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა და ხშირად გამოიცემოდა ყოველგვარი ფორმალური თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.