ავსტრიიდან ქართველი სკოლის მოსწავლისა და მისი ოჯახის დეპორტაციის საკითხს, რომელსაც ავსტრიაში მწვავე დისკუსია მოჰყვა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებით, როდესაც საქმე ეხება უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების პროცედურას, საქართველო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ მოქალაქეს ან რაიმე ზეგავლენა იქონიოს თავად პროცესზე:
"აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჰქონდა კომუნიკაცია თავის ავსტრიელ კოლეგასთან, სადაც ჩვენ გამო ვთქვით მზაობა რომ ვითანამშრომლოთ, როგორც აღნიშნულ, ასევე მსგავს საკითხებზე. ბუნებრივია ვწუხვართ იმის გამო, რომ აღნიშნულ ოჯახს, განსაკუთრებით კი მცირეწლოვან ბავშვებმა ავსტრიის დატოვება, მადლობელი ვართ ავსტრიული მხარის მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც საქმე ეხება მცირეწლოვანი ბავშვების რეადმისიას, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე მის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერ მოთხოვნებს. ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს თუ არა პირის თხოვნა თავშესაფრის მიღებაზე. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ვიყავით მთელი იმ პროცესის, თუ სამართლებრივი დავის შესახებ, რასაც წლების განმავლობაში აწარმოებდა აღნიშნული ოჯახი ავსტრიაში თავშესაფრის მიღების თხოვნით. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების პროცედურას, საქართველო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ მოქალაქეს ან რაიმე ზეგავლენა იქონიოს თავად პროცესზე.
ბუნებრივია, ამ პროცესში ჩვენთვის უმთავრესია, დაცული იქნას ბავშვის უფლებები, რაზეც გვქონდა კომუნიკაცია ავსტრიულ მხარესთან,"- აცხადებენ უწყებაში.
ავსტრიიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების დეპორტაცია გუშინ მოხდა. ავსტრიული პოლიციის განცხადებით, ისინი წლების განმავლობაში ქვეყანაში უკანონოდ ცხოვრობდნენ. დეპორტირებულთა შორის იყო საქართველოს 12 წლის მოქალაქე გოგონა და მისი ოჯახი, რომლებიც ავსტრიაში დაახლოებით 15 წელია ცხოვრობენ.