ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გეგმაში ცვლილებები არ შედის. მათი განცხადებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებით დღის წესრიგი არ იცვლება. მათ მოთხოვნებში ჯერ კიდევ რჩება გიორგი რურუას საკითხი და ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღის დასახელება.
იქონიებს თუ არა ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება გავლენას მოლაპარაკებების მორიგ ეტაპებზე? - "ქართული ოცნება" სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებს ერთმანეთისგან მიჯნავს და ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დიალოგზე გავლენა არ ექნება. დღეს საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ მმართველი გუნდისთვის რიგგარეშე არჩევნების საკითხი წითელი ხაზია.
ოპოზიცია პარლამენტში შესვლას დანარჩენი მოთხოვნების შესრულების გარეშე არ განიხილავს. მათი განცხადებით, სამოქმედო გეგმაში შედის ხელისუფლების ცვლილება და ამ გეგმაში მათი მხრიდან უკვე არც თუ იშვიათად ისმის სიტყვა რევოლუცია.
ბოიკოტის რეჟიმში რჩება "გირჩიც", თუმცა იაგო ხვიჩიამ "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური საუბარი უკვე დაიწყო. მამუკა მდინარაძესა და იაგო ხვიჩიას შორის აუდიენცია გუშინ დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.
"გირჩს" მმართველი გუნდისგან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ხედვა აინტერესებდა. ხვიჩია აანონსებს, რომ მსგავსი შეხვედრა კიდევ შედგება. მმართველი გუნდი კი მზადაა, ინდივიდუალური შეხვედრები სხვა პარტიებთანაც გამართოს.
2 თებერვალს პარლამენტმა უკვე კენჭი უნდა უყაროს ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.