17 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
​ISFED-ის მორიგი განმარტება პოლიტიკური განცხადებების მიზეზი ხდება - ორგანიზაციამ საკადრო ცვლილების შემდეგ ოქმები ხელახლა შეისწავლა

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა - დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, "სამართლიანი არჩევნების" მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ ორგანიზაციამ ხელახლა, სიღრმისეულად შეისწავლა ხმების პარალელური დათვლის (PVT) შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები - სულ 850 უბანი, მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბანი და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბანი.

სამართლიანი არჩევნების დღევანდელ განცხადებას დაუსაბუთებელს და არასწორს უწოდებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სადაც ორგანიზაციის საპასუხოდ განმარტეს, რომ ე.წ. 8 %-იანი დისბალანსი მხოლოდ პირველად შედეგებს ითვალისწინებს, რაც არასწორია, რადგან ოქმებში შესწორებები მალევე კანონის ფარგლებში მოხდა და ამაზე პრეტენზია ორგანიზაციას არ ჰქონია. ის, რომ დისბალანსზე საუბრისას ISFED -ს კორექტირებული ოქმები უნდა გაეთვალისწინებინა, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ მათ რამდენიმე დღის წინ წერილობითაც მიმართა. ცესკოს კითხვები სამართლიანი არჩევნების პროფესიულ სტანდარტთან დაკავშირებით აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ბრიფინგზე ​ISFED-ის წარმომადგენლებს არ უსაუბრიათ იმის შესახებ, მოახდენდა თუ არა გავლენას მათი ხელახალი გადათვლის შედეგი არჩევნების საერთო შედეგებზე, ოპოზიციისთვის, ორგანიზაციის განცხადებები არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ არგუმენტად რჩება. პოლიტიკური პარტიები აქცენტს ოქმების შესწორებაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ უბნები, სადაც ოქმებში მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, გაცილებით მეტია, ვიდრე ორგანიზაციის მიერ გადათვლილი.

ოქმების გადათვლა ორგანიზაციის მხრიდან ერთგვარ მანიპულაციად მიაჩნია მმართველ გუნდს, რომელსაც სამართლიანი არჩევნების პროფესიონალიზმთან მნიშვნელოვანი კითხვები აქვს. უმრავლესობამ დღეს ხმების პარალელური დათვლის შედეგად ორგანიზაციის მიერ რამდენიმე თვის წინ დაშვებული შეცდომაც გაიხსენა.

დღის ამბები