ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა განცხადებას ავრცელებს, სადაც ის საქართველოს დიალოგისკენ მოუწოდებს. შამბას თქმითვე, საქართველო დიალოგის სურვილს არ გამოხატავს.
როცა კონფლიქტია ან უნდა იომო, ან უნდა ისაუბრო - აცხადებს სერგეი შამბა და დასძენს, რომ ომი არავის უნდა.
"თითქმის 30 წელი გავიდა ომიდან. ჩვენ მუდმივად ვერ ვიქნებით მტრულ დამოკიდებულებაში. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ. უნდა ვისაუბროთ, უნდა გვქონდეს დიალოგი. დიალოგი საქართველოსთან ორმხრივ ფორმატში უნდა მიდიოდეს, თუმცა მათი მხრიდან სურვილი არ ჩანს.
საუბრის ფორმატი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. დიალოგი სხვადასხვა ფორმატით თითქოს მაინც მიდის.
მაგალითად, ჟენევის ფორმატი, გალში იყო ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგი. ჩვენ გვაქვს კითხვები, რატომ არაა ჩვენს შორის კომუნიკაცია. მაგალითად, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რკინიგზის საკითხი უკვე გადაწყვიტა რუსეთმა. რკინიგზა რუსეთიდან გადის აზერბაიჯანის გავლით სომხეთში და შემდეგ თურქეთში, როცა შეიძლებოდა ტვირთებს აფხაზეთიდან გაევლო. ამდენი წლის მანძილზეც შეიძლებოდა რკინიგზა ყოფილიყო. ამ თემას არ აქცევს ყურადღებას არც საქართველო, არც აფხაზეთი, როცა ეს კომუნიკაციისთვის არაჩვეულებრივი საკითხია. მილიონობით დოლარი იკარგება. როცა კონფლიქტია ან უნდა იომო, ან უნდა ისაუბრო.
ყველასთვის გასაგებია, რომ ომი არავის გვინდა. ჩვენ ვამბობდით, მოდით ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ აღნიშნული საკითხი კანონის ფარგლებში,"- აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა.