ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს დიალოგისკენ მოუწოდებს. შამბას თქმითვე, საქართველო დიალოგის სურვილს კი არ გამოხატავს.
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას ექსპერტები აფასებენ.
"მე არ განვიხილავ შამბას განცხადებას, როგორც რაიმე გზავნილს. მისი მიზანია საკუთარი თავის აქტუალიზირება აფხაზურ პოლიტიკაში, რომელსაც ის ამ ბოლო დროს ჩამოაშორეს სწორედ იმ ჩანაწერის გამო, რომელიც ქართულ მხარესთან ურთიერთობას ეხება. რკინიგზის გახსნას, პირველ რიგში პოლიტიკური მხარე გააჩნია, ეს არ არის ეკონომიკური მხარე და ეკონომიკური ინტერესი ქართული მხარის," - აცხადებს პოლიტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი.
შამბა განცხადებაში რკინიგზაზე საუბრობს, რომელიც რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში და შემდეგ თურქეთში გადის. მისი თქმით, შეიძლებოდა ტვირთებს აფხაზეთიდან გაევლო. ეკონომისტი და ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გავლაზე და საკომუნიკაციო არხების აღდგენაზე საუბარი, რუსული ინტერესია.
"აფხაზეთის გავლით რკინიგზის გავლაზე და საკომუნიკაციო არხების აღდგენაზე საუბარი, რუსული ინტერესია. ამ შემთხვევაში შესაძლოა, ისინი აჟღერებენ იმ ინიციატივებს, რომელზეც თანხმობა შესაძლოა მიცემული იყოს რუსეთის მხრიდან, რადგანაც ვიცით, რომ ეს რუსეთის ინტერესშიც არის," - აღნიშნავს ეკონომისტი, ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია.