17 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ეს სუფთა პოლიტიკური პროცესია, კარტოგრაფები კვლავ რჩებიან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მძევლებად - ზაალ უდუმაშვილი

ოპოზიცია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ისინი პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ. უკვე დაანონსდა, რომ საქმეში შესაძლოა უახლოეს მომავალში კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის საკითხიც გამოიკვეთოს. 

"ის განცხადებები, რაც ჩვენ ბოლო დღეებში მოვისმინეთ, განსაკუთრებით კი პროკურატურის განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს სუფთა პოლიტიკური პროცესია. ის კარტოგრაფები კი, რომლებიც დღეს გათავისუფლებულები არიან, კვლავ რჩებიან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მძევლებად. ეს ხალხი შეიძლება კვლავ ციხეში დააბრუნონ, გააჩნია როგორი იქნება მათი პოლიტიკური მოცემულობა," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" წევრები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საქმეში, რომელსაც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავებიან, დავით გარეჯი ნახსენები არ არის.

"ბინძური თამაში გამოიხატება იმაში, რომ ეს სენსიტიური საკითხი გამოყენებული იქნა პოლიტიკური მიზნებისთვის, ასევე მთელი ამ ხნის განმავლობაში "ქართული ოცნება" და პროკურატურა უსინდისოდ ტყუოდა, რადგანაც საქმეში დავით გარეჯი - ეს სიტყვა არ არის ნახსენები,"- აღნიშნავს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.

გარეჯის საქმეზე საუბრისას, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი პოლიტიკურ კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას. 

​"ამ ყველაფერს ახლავს პოლიტიკური კონტექსტი, რა დროს მოხდა მათი გათავისუფლება, თუ ასეთი მძიმე დანაშაულია ჩადენილი. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე და ტრაგიკულ რეალობაში, სადაც ყოველდღე გვაყურებინებენ უნიჭოდ დადგმულ პოლიტიკურ სპექტაკლებს. დავით გარეჯის გამოძიების კონტექსტიც ამ პოლიტიკური სპექტაკლების ერთ-ერთი ნაწილია,"- აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.

ბრალდებები, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, გაუგებარია "ქართული ოცნებისთვის".

"ეს პროცესები გაგრძელდება სასამართლოში და ის, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ამას ვნახავთ. მაგრამ ცუდია ის, რომ სამწუხაროდ, ამ საკითხსაც კი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს გარკვეული ოპოზიცური ძალა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ეს საკითხიც ისევე მივა ბოლომდე, როგორც სხვა ბევრი საკითხი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები