სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს, დღეს უნდა შედგეს. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ნიკა მელია მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და სასამართლოში მისვლას არ აპირებს.
ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე აპირებს დააყენოს მოთხოვნა, რომ ნიკა მელიას მიმართ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება, რაც აქვს შერჩეული, ვინაიდან არ არსებობს არანაირი საფუძველი არათუ პატიმრობის, არამედ ნებისმიერი სხვა სახის ღონისძიების.
"არც მიმალვის საფრთხე არსებობს და არც ახალი დანაშაულის ჩადენის და ეს 2 წლის განმავლობაში ცალსახად აჩვენა ნიკა მელიას ქცევამ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ ცალსახაა, რომ ის იქნება მიღებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა. პროკურატურის განმარტებით გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, ამისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა. პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.