19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
კახა კახიშვილი "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებში წარმოდგენილ რიგ საკითხებს მხარს არ დაუჭერს

დეპუტატი კახა კახიშვილი საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფს მადლობას უხდის, თუმცა აცხადებს, რომ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებში წარმოდგენილ რიგ საკითხებს მხარს არ დაუჭერს.

კახა კახიშვილი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული თემების განხილვაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართვას ითხოვს. 

როგორც დეპუტატმა დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების პროექტში არის საკითხები, რომელიც არ არის კავშირში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან და ეს ეხება საკრებულოებში მაჟორიტარების შეკვეცის თემას. 

"მინდა, შევეხო "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს. მინდა, მადლობა გადავუხადო  საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფს, მაგრამ ამავდროულად, მოგეხსენებათ, არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, მათ შორის მემორანდუმი სანამ შედგებოდა, მანამდეც მითქვამს, რომ არის ამ ცვლილებებში რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მხარს არ დავუჭერ, რადგან, ვფიქრობ, ეს საკითხები საერთოდ არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, ზოგიერთ საკითხზე ვსაუბრობ და არა - ყველაზე, არამედ, ეს არის რაღაც აბსტრაქციულად მოტანილი თემა, რომელიც ვფიქრობ, გააზრებულიც არაა. საკითხი ეხება მაჟორიტარების შეკვეცას საკრებულოებში. მიმაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში არასწორი იქნება. აუცილებელია, ჩაერთონ თვითმმართველობის ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ ამ საკითხს", - განაცხადა დეპუტატმა. 

კახა კახიშვილმა განმარტა, რომ პარლამენტი და საკრებულო  განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი ფუნქციებისა და ამოცანების მხრივ. შესაბამისად, თუ პარლამენტში განხორციელდა ცვლილება და მაჟორიტარული ნაწილი შეიკვეცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თვითმმართველობაშიც შესაძლებელია. 

"ჩემი აზრით, ამოცანა არ უნდა იყოს, მეტად მოვწყდეთ ხალხს. საკრებულო და თვითთმართველობა და მისი არსი იმაშია, რომ მეტი კონტაქტი ჰქონდეს არჩეულ ადამიანებს მოსახლეობასთან. ამ დიდ ნაწილს პასუხისმგებლობის, ამ შემთხვევაში იღებს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი, რომელიც იმავე რაიონიდანაა, სადაც ირჩევენ. შესაბამისად, ყოველდღიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან. რთულად წარმომიდგენია, რომ პროპორციულად არჩეული ადამიანი, საკრებულოს წევრი ყოველდღიურ რეჟიმში იყოს კომუნიკაციაში მოსახლეობასთან. 

თუ ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ფაქტობრივად მოწყდეს ხალხთან კონტაქტს, თქვენც მოგეხსენებათ, რომ არც ერთი ხელისუფლების ძლიერი მხარე არ არის ადამიანებთან ყოველდღიური კონტაქტი. რაც მეტი ხიდი  გაუქმდება პირდაპირი ვალდებულებითი კონტაქტის თუნდაც, მით უფრო მალე დასრულდება ხელისუფლება. თუ ეს არის მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნათ ჩვენს ხალხს და "ქართულ ოცნებას", დისკომუნიკაციაში შევიყვანოთ მოსახლეობასთან, მაშინ გასაგებია. თუ - არა, არსს ვერ ვხედავ", - განაცხადა დეპუტატმა. 

მისი თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების ყოველგვარი დასკვნების გარეშე, ამ საკითხის მცოდნე ექსპერტების გარეშე განხილვა შეუძლებელია.

"თუ მემორანდუმი ნიშნავ იმას, რომ აპრიორი უნდა მივიღოთ, მაშინ პარლამენტი საერთოდ რად გვინდა. მემორანდუმი თუ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ჯგუფი შეთანხმდა და ჩვენ შემდეგ განვიხილავთ, მე გთხოვთ, უზრუნველყოთ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა, ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა თვითმმართველობის საკითხებში, რომ კარგად გავიაზროთ, რა ფუნქციის შესრულება ევალება საკრებულოს მაჟორიტარს, რომ ვკვეცავთ საკრებულოს მაჟორიტარებს, ვის ექნება პასუხისმგებლობა მოსახლეობასთან ყოველდღიურ კომუნიკაციაზე არსებულ პრობლემებთან მიმართებაში", - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე კახა კახიშვილმა.

დღის ამბები