როდის შემოვა საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - კონკრეტული თარიღი ისევ უცნობია.
ცოტა ხნის წინ ონლაინშეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და COVAX პლატფორმას შორის, სადაც სწორედ ვაქცინის განაწილებაზე იყო საუბარი. დისკუსიისას ახსენეს საქართველოც.
"კვირის ბოლომდე სულ 11 მილიონი დოზის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს. ახლა ვაქცინა უფრო მეტად ხელმისაწვდომია, ვიდრე დღემდე იყო, თუმცა ჩვენი სურვილია გაიზარდოს იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც ვაქცინას მიიღებს. ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი. უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი იარაღია, მაგრამ ერთადერთი არა," - განაცხადეს ონლაინშეხვედრაზე.
"უამრავი ქვეყანა არის ვაქცინის რიგში. საგულისხმოა ის, რომ მწარმოებლები პრეპარატის მიწოდებას დაუყოვნებლივ ვერ ახერხებენ, ამის თქმა შეგვიძლია საქართველოზე. მუშაობა დაწყებულია, საქართველოსთან ერთად, სხვა ქვეყნებთანაც. მიწოდების თარიღზე პრობლემები იმიტომ შეიქმნა, რომ "ფაიზერს" ჰქონდა ზოგიერთ ქვეყანასთან გარკვეული მოთხოვნები, მათ შორის, ტრანსპორტირებაზეც, ამას კი მეტი დრო მიაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ქვეყანამ მიიღოს ვაქცინის განსაზღვრული დოზები, თან რაც შეიძლება მალე," - განაცხადეს ონლაინშეხვედრაზე.