Covax პლატფორმის მიერ ჩამოთვლილ 107 ქვეყანაში, რომელთაც ვაქცინა მომდევნო 10 დღის განმავლობაში მიეწოდება, საქართველო ვერ მოხვდა. იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ონლაინპრესკონფერენციაზე ჩვენი ქვეყანა იმ სახელმწიფოებთან ერთად მოიხსენია, ვისთანაც პრეპარატის დროულად მიწოდებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. დასახელდა ვაქცინის მიწოდების ვადების გადაწევის რამდენიმე მიზეზი.
საქართველო ახლა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის მხრიდან დამატებით შესასრულებელ მოთხოვნებს ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ვაქცინის შეპირებულ დოზებს ქვეყანა აუცილებლად მიიღებს.
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ინფორმაციით, Covax პლატფორმაზე ქვეყნების განაცხადის განხილვა რიგის მიხედვით მიმდინარეობს. მიმართვის ბოლო ვადა 18 იანვარი იყო, საქართველომ კი ვაქცინის დოზების მოთხოვნა ბოლო დღეს გააკეთა. ზაზა წერეთელი ამბობს, რომ დაგვიანებულმა მიმართვამ ვაქცინის შემოტანის პროცესი შეაფერხა.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია 103 ქვეყანაში დაიწყო, უმეტესმა ქვეყანამ ჩინური და რუსული პრეპარატით აცრა მოსახლეობა, რაც საქართველოსთვის მიუღებელია.
პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ ვაქცინაციის დაწყება მარტის თვეს არ გადასცდება. აცრები სამიზნე ჯგუფებში Astrazeneca-ს ვაქცინით დაიწყება.
Covax პლატფორმას საქართველომ 575 ათასი დოლარი უკვე გადაურიცხა. პარალელურად, გუშინ covax პლატფორმისგან ქვეყანამ მიიღო შემოთავაზება, ამერიკულ ვაქცინა "ნოვავაქსთან" დაკავშირებით.
ქვეყნებს, რომლებთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებს, Covax პლატფორმა პრეპარატს მარტის ბოლომდე მიაწვდის, სულ კი მაისამდე 237 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა გადანაწილდეს.