არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო, დაიწყო ასდღიანი კამპანია "ათასი მშობლის მარში", რომლის მიზანი პროტესტი და ცვლილებების მოთხოვნაა.
"გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!" - ამ ლოზუნგით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, რვა მარტიდან ქუჩაში ის ადამიანები გამოვლენ, ვინც სისტემური რეფორმების გატარებას უჭერს მხარს. მთავარი მოთხოვნებია:
1. შეიცვალოს სისხლის სამართლის - გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;
2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;
3. ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა;
4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
5. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.
1 000 მშობლის მარში - 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება 10 დიდ ქალაქში 17 საათზეა დაგეგმილი.
"საფარის" აღმასრულებელი დირექტორის ბაიაბ პტარაიას განმარტებით, საჭიროა, განსხვავებული სახელმწიფო, სადაც ბავშვები დაცული იქნებიან სექსუალური ძალადობისაგან და ამისათვის, სპეციალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
" ჩვენ გვჭირდება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ისე საკანონმდებლო ხელისუფლების ყურადღება. სამწუხაროდ, დღევანდელმა შემთხვევამაც აჩვენა, რომ ნინის საქმე გამონაკლისი სულაც არ იყო. ჩვენ გვჭირდება განსხვავებული სახელმწიფო, სადაც ბავშვები დაცული არიან სექსუალური ძალადობისაგან, მაგრამ ამისათვის სპეციალური ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. სამწუხაროდ, ყველა ის რეფორმა, რაც აქამდე ხორციელდებოდა, ძირითადად მიმართული იყო ოჯახში ძალადობაზე და არა სქესობრივ ძალადობაზე," - აცხადებს ბაია პატარაია "დღის კურიერის" ეთერში.