პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კითხვის დასმის დროს გაიხსენა გუშინ გახმაურებული შემთხვევა, როდესაც 12 წლის გოგოსთან სექსუალური კონტაქტის დამყარების გამო 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
ნინო წილოსანმა შეგნებულად გამოიყენა ტერმინი "გაუპატიურება" და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია ეს ფაქტი მომხდარიყო არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის და მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენების კომპონენტის გარეშე.
"გუშინაც გახმაურდა, რომ დააკავეს სავარაუდო დამნაშავე, რომელიც 11-12 წლის გოგონას სისტემატიურად აუპატიურებდა. დიახ, არ შემეშინდება ამ ტერმინის გამოყენების, მიუხედავად იმისა, რომ საქმე სხვა მუხლითაა აღძრული, არ შეიძლება ეს გაუპატიურების აქტი არ იყოს, როდესაც 50 წლის კაცი 11 წლის ბავშვთან ამყარებს სექსუალური ხასიათის ურთიერთობას. წარმოუდგენელია, ეს არ იყოს მასზე ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის და მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენების კომპონენტის გარეშე,"-განაცხადა ნინო წილოსანმა.