19 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
გაფრთხილება ყალბი ვაქცინის შესახებ - დაცული იქნება თუ არა საქართველო ვაქცინაციისას თაღლითებისგან

ყალბი ვაქცინის შესახებ საქართველომ ინტერპოლისგან საგანგებო გაფრთხილება მიიღო. როგორც ირკვევა, კრიმინალური ჯგუფები სიცოცხლისთვის საშიშ ფალსიფიცირებულ პრეპარატებს ყიდიან. აღმოჩენილია კუსტარულად მოწყობილი საწყობიც.

პანდემიასთან ერთად ყოველდღიურად თაღლითობის ახალი სქემები იქმნება. ჩინეთში მხოლოდ ერთი საწარმოდან 80-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. 

ყალბი ვაქცინების ათასობით დოზას მიაკვლიეს სამხრეთ აფრიკაშიც. კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის გაფრთხილების შემდეგ ქვეყნის ძალოვანმა უწყებამ სპეცოპერაცია სამხრეთ აფრიკაში, მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდ ქალაქში ჩაატარა. ინტერპოლმა ყალბი ვაქცინები იოჰანესბურგში, ერთ-ერთი სახლის საწყობიდან ამოიღო. დაკავებულია ჩინეთის სამი და ზამბიის ერთი მოქალაქე.

ყალბი ვაქცინების გაყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე საუბრობენ დიდ ბრიტანეთშიც. ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის ცენტრმა მოსახლეობის გაფრთხილება უკვე დაიწყო. მოქალაქეებს ელექტრონული ფოსტით თაღლითურ შეტყობინებებს, გარკვეულ ბმულებთან ერთად უგზავნიან, სადაც წერია, რომ მათ ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ, თუმცა ნამდვილი ვაქცინაციისთვის მსგავსი პროცედურა საჭირო არაა.

დაცული იქნება თუ არა საქართველო ვაქცინაციისას თაღლითებისგან - ამ თემაზე ექსპერტები უკვე მსჯელობენ. პრობლემა მხოლოდ მაშინ შეიქმნება, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში კერძოდ გაიყიდება. სპეციალისტები საინფორმაციო კამპანიისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. 

დღის ამბები