19 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
"სექსუალური ძალადობა არის ძალადობის ის ფორმა, რომელზეც სახელმწიფომაც ვერ მოძებნა ადეკვატური რეაგირების მექანიზმები" - "ათასი მშობლის მარშის" მსვლელობა

"ათასი მშობლის მარშს", რომელიც ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. 

შეკრებილები ითხოვენ, სახელმწიფომ მაქსიმალურად მოახდინოს სქესობრივი დანაშაულის პრევენცია. მათ 5 ძირითადი მოთხოვნა აქვთ - პროკურატურაში შეიქმნას სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ხასიათის საქმეებს გამოიძიებს, ასევე ითხოვენ სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდას. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის კოდექსის გაუპატიურების მუხლში.

ისინი ითხოვენ 14 წლის ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც. 

"განსაკუთრებით სიმწვავით ბოლო პერიოდში გამოჩნდა სექსუალური ძალადობის შემთხვევები და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით დაგროვილმა სისტემური ხასიათის პრობლემებმა, უმოქმედობამ და არაეფექტურმა რეაგირებამ განაპირობა ის, რომ დღეს როგორც პრევენციის, ასევე გამოვლენილ შემთხვევებზე რეაგირების მიმართულებით არაერთი გამოწვევა გვრჩება ქვეყანაში,“ - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

მსვლელობას შეუერთდა ”ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე, რომლის თქმით, სექსუალური ძალადობა არის ძალადობის ის ფორმა, რომელზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმები სახელმწიფომაც ვერ მოძებნა. 

"პრობლემა იმიტომაც არის უფრო რთული, რომ სახელმწიფომაც ვერ უპასუხა ადეკვატურად ამ გამოწვევას სხვა გამოწვევებთან შედარებით. ჩვენ გარკვეული ძალადობის ფორმებზე რეაგირება ადეკვატური გვაქვს ქვეყანაში. ოჯახში ძალადობა მეტ-ნაკლებად კანონის და პრაქტიკის დონეზეც უმჯობესდება, მაგრამ სექსუალური ძალადობა არის ძალადობის ის ფორმა, რომელზეც სახელმწიფომაც ვერ მოძებნა აქამდე ადეკვატური რეაგირების მექანიზმები,“ - ამბობს იდა ბახტურიძე.

​​

დღის ამბები