19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
არაფრის დატოვებას არ ვაპირებ, რა მაქვს დასატოვებელი - მიტროპოლიტ სტეფანე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, ის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს. მიტროპოლიტი სტეფანე მარტვილში რეზიდენციაში მომხდარ ინციდენტზე აცხადებს, რომ დაპირისპირება რამდენიმე სასულიერო პირის მიერ იყო დაგეგმილი, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ და მოქმედებენ.

რაც შეეხება ეპარქიაში გუშინ ჩატარებულ კრებას, მიტროპოლიტი განმარტავს, რომ შეხვედრა სასულიერო პირებთან გაცნობითი ხასიათის იყო.

"არაფრის დატოვებას არ ვაპირებ, არ ვთქვი მე გუშინ?! რა მაქვს დასატოვებელი კაცო.

ეგ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ და მოქმედებენ, არაეკლესიური წესებით შეკრიბეს ხალხი, შეთქმულება მოაწყვეს, მოიყვანეს ხალხი.

მე ჩვეულებრივად მოვიწვიე კრება სამღვდელოების, არავითარი არც პრესა, არც ტელევიზია და არც მრევლი არ იყო იქ მოსაყვანი იმიტომ, რომ სასულიერო პირებს გვაქვს წესი, რომ ერთმანეთთან ვილაპარაკოთ და ეს კრება იყო ამასთან დაკავშირებული. იქ რა თქმა უნდა ვიღაცას ჰქონდა რაღაც კითხვები, ვიღაცას რაღაცა პასუხები უნდოდა, მზად ვიყავი ყველაფერზე მეპასუხა და გველაპარაკა.

ეს კრება იყო ჯერ გაცნობითი იმიტომ, რომ მე პრაქტიკულად ახალი დადგენილი ვარ ამ ეპარქიაში და ყველა სასულიერო პირთან მინდოდა გაცნობა და მათთან ერთად რაღაც სულიერი საკითხების განხილვა. მათ შორის იყო ის საკითხებიც, რომლებიც აინტერესებდა ზოგიერთ ადამიანს, მაგრამ თურმე ისინი კრებაზე კი არ მოსულან, არამედ მრევლს ამოეფარნენ.

მრევლიც არ იყო ის როგორც მე გავიგე, ქუთაისელები და კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ყოფილან. ერთ-ერთი ძველი ამ პარტიული რაღაც საკრებულოს თავმჯდომარე თავკაცობდა, მიტინგები მოაწყვეს, თითქოს ეკლესიაში მიტინგებით რამე უნდა გადაწყდეს.

იმ ადამიანებს კითხვები ჰქონდათ და მე როცა პასუხის გაცემა მინდოდა, არ დამაცადეს, დაიწყეს ყვირილი. როგორც ჩანს ეს დაგეგმილი იყო, შემდეგ კარებს დაუწყეს ჯაჯგური გარედან. მათ შორის თქვენც იყავით აკრძალულ ზონაში, სადაც არ შეიძლება.

რომ იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ყველა არღვევდა კანონს. თქვენ კარგად იცით, რომ არ შეიძლება პრივატულ ტერიტორიაზე შესვლა და იქ რაღაც ჯაჯგური.

ეკლესიის მოწინააღმდეგეები არიან, ეგენი ჩემი მოწინააღმდეგეები არ არიან," - განაცხადა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანე (კალაიჯიშვილმა).

შეგახსენებთ, ინციდენტი მარტვილში მაშინ მოხდა, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შემთხვევის დროს აივნის მოაჯირი მოწყდა, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები ეზოში გადავარდნენ

დღის ამბები