სასულიერო პირები, მრევლი და ჟურნალისტები გამოკითხვაზე - მარტვილში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს. დაზარალებულები იხსენებენ, რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც აივნის ჩამონგრევისას 6 ადამიანი დაშავდა.
"რუსთავი 2-ის" სამეგრელოს ბიუროს ოპერატორის, დავით კონჯარიას გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს აინტერესებდათ, ხომ არ მომხდარა ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ფიზიკური ზეწოლა ჟურნალისტებზე.
"გამოძიებას, ძირითადად, აინტერესებდა რაიმე ზეწოლას ჰქონდა თუ არა ადგილი ჩვენს მიმართ. გვიშლიდნენ თუ არა ხელს მუშაობაში და განვაცხადე, რომ არ გვიშლიდნენ. ეს იყო ძირითადად,“ - ამბობს რუსთავი 2-ის" ოპერატორი დავით კონჯარია.
გამოკითხულების თქმით, გამოძიების კითხვები ძირითადად ეხებოდა, ხომ არ შეუშლიათ მათთვის ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ხელი.
"ძირითადად გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჰქონდა გამოძიებას კითხვები, როგორ მოხდა ამ აივნის მოაჯირის ჩამონგრევა. ეს დეტალები აინტერესებდათ. მკითხეს, ვინმემ ხომ არ იძალადა ჩემზე და ხომ არ შეუშლიათ ხელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის და ვუპასუხე, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა ჩემ მიმართ განხორციელებული,“ - აღნიშნა საინფორმაციო სააგენტო ”თაიმერის” ჟურნალისტმა ვახო ქიქავამ.