19 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
საეპისკოპოსო რეზიდენციის აივნიდან გადავარდნილი 6 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა რთულია - ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მომხდარში ყოფილს ადანაშაულებს​

ჭყონდიდის საეპისკოპოსო რეზიდენციის აივნიდან გადავარდნილი 6 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა რთულია, დანარჩენებს კი სხვადასხვა სახის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვთ.

მარტვილის პოლიციამ გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო. დილიდან ქალაქის სამმართველოში გამოკითხვებზე იმყოფებოდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე მრევლი და მედიის წარმომადგენლებიც. მათ შორისაა "რუსთავი 2-ის" ოპერატორი დავით კონჯარიაც, რომელმაც დაპირისპირების დროს, სიმაღლიდან გადმოვარდნისას დაზიანებები მიიღო.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მმართველის დანიშვნით და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაიწყო. მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ სასულიერო პირს, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. დღეს ცნობილი გახდა, რომ დაპირისპირება მხოლოდ მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას არ უკავშირდება. და ერთ-ერთი მიზეზი ეპარქიიდან მიტროპოლიტ პეტრეს გაშვებაც გახდა. ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მომხდარის ორგანიზებაში ყოფილ ეპისკოპოსს ადანაშაულებს.

ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებში ჩარევა საპატრიარქოში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადგილზე ფიზიკურად დაპირისპირებული მღვდლები და დაშავებული ადამიანები იხილეს. საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდაჭერას უცხადებს. საკითხზე სამსჯელოდ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საპატრიარქოში დილიდან შეიკრიბნენ.

დღის ამბები