"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, მისი დაბარება პოლიტიკოსის განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან გადაცდომას.
საქმე ეხება პარტიის ოფისიდან ამოღებულ სერვერებს, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ესეც საგამოძიებო მოქმედების ნაწილი იყო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განვითარებული მოვლენების დროს ინვენტარი დაზიანდა, ასევე მისი თქმით, მოპარულია სერვერები.
"ოფისის ე.წ. აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იქნა მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერების ბლოკი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე. ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან, გვთხოვეს რომ უნდათ ჩვენთან გასაუბრება დამატებითი ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ყველანაირი დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განვითარებული მოვლენები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"დღეს რისთვისაც მოხდა დაბარება, ეს არის ერთგვარად სახის შენარჩუნება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ თითქოს რეაგირება მოახდინეს. მაგრამ ეს არის სამართლებრივი ბლეფი. არავითარი გასაუბრების საჭიროება არ დგას. მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ დანაშაულის შემადგენლობას ჰქონდა ადგილი, ის რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში განხორციელდა და დღეს აქ უნდა ყოფილიყო გამოძიება დაწყებული," - აცხადებს ბექა ბასილაია.