ტრაგედია, რომელსაც 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებულია ბავშვის მამა.
ამ საქმეზე პირველად საუბრობს გარდაცვლილის დედა. ის იხსენებს ოჯახურ კონფლიქტს და მეუღლეს ძალადობაში სდებს ბრალს. მისი თქმით, სწორედ ამ დროს დაიღუპა გოგონა, რომლის გადარჩენაც ვეღარ შეძლეს. დედა ამბობს, რომ თავდაპირველად, სიტყვიერი დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო.
ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მისი მეუღლე ალკოჰოლზეა დამოკიდებული და ოჯახის წევრებსა და არასრულწლოვან შვილებზე პერმანენტულად ძალადობდა.
"დამიწყო ჩხუბი, შენ სხვა გიყვარსო და სხვასთან გინდა რომ წახვიდეო. მთვრალი იყო ჩემი მეუღლე, ვერ თოკავდა, რას აკეთებდა. ანუ, ხელში ესე მყავდა ბავშვი ჩახუტებული და ხელიდან მგლეჯდა. ფეჩი რომ მესროლა, თავში მოხვდა... განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო მიშველეთ მეთქი, ბავშვს მიკლავს თქო და კაციშვილი არავინ არ გამოვიდა ჩემს დასახმარებლად. აკვიატებული ჰქონდა, სულ ერთია, უნდა მოვკლა ეს ბავშვიო, ან ფეჩს შევუკეთებ, ან კიდევ მოვკლავ მე ამ ბავშვსო," - ამბობს დაღუპული ბავშვის დედა თეონა ონიაშვილი.