ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრის მოპოვება-გამოქვეყნების საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით "ტვ პირველში“ განცხადება გაკეთდა.
ტელეკომპანიის დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს, რომ სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას შეუძლია ძალის გამოყენებით შევიდეს ტელეკომპანია "პირველში". წერეთელი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"პირველ რიგში, არ ვაპირებ რამე მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ჩემი გადმოსახდიდან ვფიქრობ, რომ ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს. არ ვაპირებ არანაირ მიმართვას.
მე ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც არარსებული მითიური ელექტროხელსაწყო. მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია პირველი ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია, თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში. მე მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება რადგან დღეს სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია პირველში. ეს არის ხელისუფლების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია პირველი აღარ იყოს ამ ქვეყანაში,“ - აცხადებს ვატო წერეთელი.
პროკურატურა "ტვ პირველისგან" იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი.