19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
TV პირველთან სამოქალაქო აქტივისტებმა მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გამართეს

TV პირველთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათი თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თუ პროკურატურის წარმომადგენლები ტელევიზიაში შეჭრას ეცდებიან, მათ წინააღმდეგობას გაუწევენ.

"თუ საჭირო გახდება, არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ფიზიკურ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ "TV პირველს", - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი.

აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, TV პირველთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება მოწმობს იმას, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია:

"სასამართლო ყოველდღიურად გვარწმუნებს ჩვენ, რომ ის არ არის დამოუკიდებელი და არის პოლიტიზირებული. სამწუხაროა, რომ სასამართლო ვერასდროს ვერ დადგა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების მხარეს და დღევანდელი განჩინებაც ამას მოწმობს," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

პროკურატურამ 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.   
იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება "TV პირველიდან" იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები.

დღის ამბები