თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინება, რომელიც "TV პირველიდან" იმ მოწყობილობის ამოღებას გულისხმობს, რომელზეც "TV პირველში" გასული აუდიოჩანაწერებია მოთავსებული დღის მთავარი თემაა. განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია განჩინების იმ ნაწილმა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლო გამოძიებას უფლებას აძლევს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.
დღესვე გავრცელდა გენერალური პროკურატურის განმარტება, რომ ტელეკომპანიას უფლება აქვს, არ გადასცეს ინფორმაციის შემცველი საგანი ან დოკუმენტი.
ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, ომბუდსმენი - დღეს გამოქვეყნებული განჩინება მათგან უკვე შეფასდა, როგორც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
"ტვ პირველის" მფლობელმა და დირექტორმა დღეს ხელისუფლებას საგანგებო ბრიფინგიდან მიმართა და მოუწოდა, უარი თქვას ყოველგვარ გეგმაზე, რომელმაც შესაძლოა ტელეკომპანიის მაუწყებლობას საფრთხე შეუქმნას.
ბრალდებებს პროკურატურამ განცხადებით უპასუხა. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ სასამართლოს განჩინების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება.
გამოხატვის თავისუფლებისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიებიც. პარტიები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებაა, ჟურნალისტებმა წყარო გათქვან და მისი კონფიდენციალურობა ვერ უზრუნველყონ.
ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ მათთვის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება პრიორიტეტულია, შესაბამისად, არ დაუშვებენ, რომ რომელიმე მედიასაშუალებას საფრთხე დაემუქროს.
ტელეკომპანიის იურისტებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ.