COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საქართველოში ხვალ უნდა შემოვიდეს. თბილისში, ამ ეტაპზე, AstraZeneca-ს 43 200 დოზას ელოდებიან, რომელიც პროტოკოლით გადანაწილდება. ეს კი ვაქცინის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის მიწოდებას ითვალისწინებს.
კოვაქსპლატფორმიდან გამოგზავნილ პრეპარატს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პასუხისმგებელი პირები დახვდებიან. უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი კი 15 მარტიდან უნდა დაიწყოს. აცრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაკეთდება.
გეგმის მიხედვით, სამედიცინო სფეროს 57 000 წარმომადგენელი ქვეყანაში მარტის ბოლომდე უკვე აცრილი უნდა იყოს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება დაჩქარებული წესით ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის ჩამოტანაზეც.
"საქართველოს მხარე სრულიად მზად არის იმისათვის, რომ ვაქცინის საქართველოში შემოტანისთანავე დაიწყოს ის საჭირო პროცედურები, რომ დაუყონებლივ მოხდეს ვაქცინების მიწოდება ყველა იმ რგოლთან, სადაც მოხდება ვაქცინაცია," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინვენტარის, სივრცეების მოწყობა და სამედიცინო პერსონალის მომზადება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოხდა.
"ჩვენ გვაქვს მომარაგებული უკლებლივ ყველა მედიკამენტი და ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული ერთეული შემთხვევები გვექნა გართულების," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.