"ტვ პირველი" პროკურატურის წინააღმდეგ - კომპანიის ხელმძღვანელობა სამართლებრივად ბრძოლას აგრძელებს.
არხის იურისტი დღეს საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას აქვს უფლება, ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები და ამოიღოს მნიშვნელოვანი მასალა.
მათ შორის განჩინება ითვალისწინებს წინააღმდეგობის გაწევის შესაბამისად პროპორციული ძალის გამოყენებასაც. ამ გადაწყვეტილებას არხის ხელმძღვანელობა აღიქვამს, როგორც მუქარას მედიაზე.
"ჩვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც ცალსახად კანონსაწინააღმდეგოა. კონსტიტუციურად გვაქვს უფლება, ეს მანამ გავასაჩივროთ, სანამ მისი აღსრულება მოხდება, რადგან ტელევიზია ვერ იქნება ერთი თვის მანძილზე იმის მოლოდინში, როდის შემოიღება მისი კარი და როდის შემოვლენ გამომძიებლები გარკვეული პროცედურის ჩასატარებლად.
მე, როგორც იურისტს მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქმე დასაშვებად ცნოს," - აცხადებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" მრჩეველი და "ტვ პირველის" უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე.