საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ნამახვანჰესის შესახებ დაგეგმილი შეხვედრა განცხადების შემდეგ დატოვეს. მათი თქმით, მოლაპარაკების მოლოდინი არ ქონდათ, თუმცა მინისტრების წასვლა მათთთვის შეურაცხმყოფელია.
საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მინისტრებს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ.
"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვაყენა შეურაცხყოფა ჩვენ, მოსახლეობას, იმიტომ, რომ დაგეგმილი იყო, რომ მინისტრები უნდა დასწრებოდნენ ამ შეხვედრას და მათთან გვქონდა ჩვენ კითხვები. მათგან იყო მზაობა, აცხადებდნენ, რომ კითხვებთან დაკავშირებით, პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ის, რომ სწორედ იმიტომ, რომ კრიტიკულ კითხვებზე არ აქვთ პასუხები, წავიდნენ. 10 წუთით ჩამოვიდა ადამიანი თბილისიდან და უკანვე გაბრუნდა, რა მიზანს ემსახურებოდა მისი აქ მოსვლა, მედიასთან, თბილისში ვერ გააკეთებდა ამ განცხადებას?"-აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ 14 მარტს დაგეგმილი აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ ძალაშია.