დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები, შაბათ-კვირასაც იმუშავებს. გადაწყვეტილების მიზეზად მთავრობა ეკონომიკის მხარდაჭერას ასახელებს. ორშაბათიდან გაიხსნება ფიტნეს ცენტრებიც. ინფექციონისტები რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ბიზნეს სექტორს მოუწოდებენ მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების წესები.
სავაჭრო ცენტრებში ამ დროისთვის ხალხმრავლობაა. მომხმარებლები ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოლების გახსნასთან დაკავშირებით მიესალმებიან და აცხადებენ, რომ შაბათ-კვირას დაკეტილი მოლები მათთვის დიდი დისკომფორტი იყო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ ისინი რეგულაციების დაცვას ზედმიწევნით ცდილობენ.
მოლებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც, მისი თქმით შეზღუდვების მოხსნა მნიშვნელოვანი იყო როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვისაც.
"ჩვენ ვაგრძელებთ იმ დაგეგმილ შემსუბუქებებს, რაც აქამდე განვაცხადეთ. კერძოდ დღეიდან უკვე შაბათ-კვირას იმუშავებენ შოპინგ მოლები არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები ბაზრობების ჩათვლით რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რადგან აქ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ეს გაზრდის როგორც ვაჭრობის შემოსავლებს, მოქალაქეებისთვისაც კარგი შესაძლებლობაა, რომ ნივთები შევიძინოთ ჩვენთვის მისაღებ და სასურველ დროს, - აცხადებს ნათია თურნავა.
რაც შეეხება შეზღუდვების შემდგომ ეტაპს 15 მარტიდან სტუდენტები შეძლებენ სწავლა გააგრძელონ აუდიტორიებში. ასევე გაიხენება სპორტული დარბაზებიც, თუმცა ეს უნდა მოხვდეს შესაბამისი რეგულაციების დაცვით. უცვლელი რჩება გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.