საქართველოს საპატრიარქო ბიბლიური თავისუფლების წევრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში დაბრუნებას სთავაზობს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ამისთვის მათ სასულიერო პირს უნდა მიმართონ და გულწრფელ სინანულში დაარწმუნონ:
"ორგანიზაცია "გირჩის" მიერ შექმნილი "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების" ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, ჰმართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ.
მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად; რომელმაც ე.წ. "სინანულის ფურცელზე" მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. "შენდობის ფურცელი" პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად,"- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.