19 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
პროვოკაციას მიწყობთ - ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი ეპარქიაში მომხდარ ინციდენტში მედიას ადანაშაულებს

ჭყონდიდის ახალი მიტროპოლოტი სტეფანე კალაიჯიშვილი ორშაბათს მომხდარ ინცინდენტში ჟურნალისტებსა და სასულიერო პირების ნაწილს ადანაშაულებს. ქადაგებისას მიტროპოლიტმა მათ სინანულისკენ მოუწოდა.

მიტროპოლიტს ჟურნალისტებთან კომენტარი აღარ გაუკეთებია. წირვა დღეს სამართალდამცველების მობილიზაციის ფონზე მომდინარეობდა.

"არ გავურბივარ არც პრესას, არც ტელევიზიას. აგერ, ხმამაღლა ვლაპარაკობ ყველაფერს, რაც მინდა, რომ ვთქვა. რაც არ მინდა, ვერავინ მათქმევინებს. პროვოკაციას მიწყობთ. თუ ეს თქვენი ცხოვრების ნაწილია, არ ვიცი, რამდენად იქნება თქვენი სულისთვის სასარგებლო პროვოკაციების მოწყობა. ეცადეთ, რომ სულისთვის იზრუნოთ და არა ვიღაცების დაკვეთა შეასრულოთ. სულ მეკითხებით რა გეგმები მაქვს - გეგმები მაქვს წირვები და ლოცვები,"- განაცხადა მიტროპოლიტმა. 

დღესვე გააკეთა განცხადება ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამაც

"შფოთის მიზეზია უსამართლობა და პასუხგაუცემელი შეკითხვები. მიტროპოლიტი სტეფანე კი არა, მთელი წმინდა სინოდი რომ ჩავიდეს, თუ სამართლიანობაზე არ დამყარდება მმართველობა, მშვიდობა არ დაისადგურებს, რადგან იქ, ეპარქიაში მრევლი მიეჩვია კანონიკურად, სამართლიანად და ქრისტიანულად მართვას.

საბჭოთა კავშირში იყო მედია კონტროლირებადი ხელისუფლების მხრიდან, ხოლო ხელისუფლება მართავდა ეკლესიას. დღეს ხელისუფლება მართავს ეკლესიას და ჩართულია, მგრამ ვერ აკონტროლებს თავისუფალ მედიას, ამიტომ დისკომფორტი არა მარტო ხელისუფლებას, ეკლესიასაც აქვს. ამიტომ, ფაქტობრივად, ისინი გამოხატავენ უარყოფით დამოკიდებულებას, რადგან არ არიან მზად შეკითხვებზე გასცენ პასუხი, არადა, სასულიერო პირი ვალდებულია, მით უმეტეს მაღალი იერარქი, რომ ნებისმიერ დასმულ შეკითხვას გასცეს პასუხი,"- აცხადებს პეტრე ცაავა. 

დღის ამბები